ლინი მხოლოდ ხარჯების შემცირება არ არის, რა არის სინამდვილეში?

ირმა ბერძენიშვილი

8/21/20261 min read

როცა ვამბობ, რომ ლინით ვმუშაობ, უმეტესობა ფიქრობს და ზოგი ხმამაღლაც ამბობს: „აა, ხარჯების ოპტიმიზაცია“.

მერე მოკლე პაუზაა და ხშირად მოსდევს მეორე წინადადება: „ჩვენთან ამის დრო ჯერ არ არის“.

ორივე რეაქცია მესმის. მეორე პირველიდან გამომდინარეობს თუ გგონია, რომ ლინი მხოლოდ ხარჯების შემცირებაა, შეიძლება ლოგიკური იყოს მისი გადადება იმ დრომდე, სანამ ცუდად წავალთ. პრობლემა ის არის, რომ ორივე დაშვება არასწორია და ერთად ისინი კომპანიას წლებს აკარგვინებენ.

ლინი სულ სხვა კითხვას პასუხობს. არა „სად დავზოგოთ?“, არამედ „სად ჩერდება სამუშაო?“ ეს ორი კითხვა ერთმანეთს ჰგავს მხოლოდ იმ დრომდე, სანამ პროცესს არ გაზომავთ.

სამი წინადადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ვისმენ

„ჩვენ ეს უკვე გვქონდა - ტრენინგი ჩავატარეთ.“ ტრენინგი მართლაც იყო. ხალხს მოეწონა. მერე ყველა თავის სამუშაოს დაუბრუნდა და სამ თვეში ყველაფერი ისე გახდა, როგორც იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ლინი არ მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ცოდნა და სისტემა სხვადასხვა რამაა.

„ჩვენი ბიზნესი სხვაა, ჩვენთან ყველა შემთხვევა უნიკალურია.“ ეს თითქმის ყოველთვის ისმის და თითქმის ყოველთვის გადაჭარბებულია. როცა დაჯდები და დაითვლი, ჩვეულებრივ გამოდის, რომ შემთხვევების უმეტესობა რამდენიმე ტიპში ჯდება, ხოლო ნამდვილად უნიკალური მცირე ნაწილია. სხვა საკითხია, რომ სწორედ ეს მცირე ნაწილი იკავებს ყველას ყურადღებას და ყველაზე ხმამაღლა ყვირის.

„კარგი, და რამდენი ადამიანი უნდა შევამციროთ?“ აი, აქ ვჩერდები ხოლმე. რადგან თუ საუბარი აქედან იწყება, პროექტს დასაწყისშივე ჰკლავს და ქვემოთ ავხსნი, რატომ.

საიდან მოვიდა სახელი და რატომ არის ის ცუდი სახელი

სიტყვა „lean“ ტოიოტას არ შეურქმევია. ტოიოტაში ამ სისტემას დღემდე TPS ჰქვია — Toyota Production System.

ტერმინი 1988 წელს გაჩნდა: ჯონ კრაფჩიკმა, MIT-ის მკვლევარმა, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Triumph of the Lean Production System“. კვლევა ადარებდა ავტოქარხნებს მთელ მსოფლიოში და ერთი დასკვნა გამოიკვეთა: ზოგიერთი ქარხანა ნაკლები მარაგით, ნაკლები ფართობით და ნაკლები გადამუშავებით უფრო კარგ შედეგს იღებდა. სიტყვა „lean“ სწორედ ამ „ნაკლებობას“ აღწერდა.

აღწერა ზუსტი იყო. სახელი — არა.

რადგან „ნაკლები“ ინგლისურადაც და ქართულადაც პირდაპირ დაკავშირდა შემცირებასთან. ქართულ თარგმანებში ხან „მჭლე წარმოებაა“, ხან „გამხდარი მენეჯმენტი“ — და ორივე დიეტის ასოციაციას აჩენს. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას პირველად ისმენს, სრულიად ლოგიკურად ასკვნის, რომ საქმე რაღაცის მოჭრაზეა.

მე პირადად ამ ტერმინს აღარ ვთარგმნი. ვამბობ „ლინი“ და მერე ვხსნი, რას ვგულისხმობ. ასე უფრო ნაკლები გაუგებრობაა.

ნამდვილი კითხვა: სად ჩერდება სამუშაო?

ახლა კი მთავარი.

აიღეთ თქვენს კომპანიაში ერთი კონკრეტული პროცესი. ისეთი, რომელზეც ხშირად საუბრობენ თანამშრომლები — შესყიდვის პროცესი, ხელშეკრულების გაფორმება, კლიენტის განაცხადის დამუშავება, ინვოისის დამტკიცება, ახალი თანამშრომლის აყვანა. სულერთია, რომელი.

ახლა აიღეთ ერთი კონკრეტული შემთხვევა და დათვალეთ ორი ციფრი.

პირველი ციფრი: რამდენი კალენდარული დღე გავიდა იმ წუთიდან, როცა ეს საქმე პირველად შემოვიდა, იმ წუთამდე, როცა ის დასრულდა. კვირა-შაბათებით, არდადეგებით, ყველაფრით.

მეორე ციფრი: ამ დროიდან რამდენი წუთი ან საათი იყო ნამდვილი მუშაობა. ანუ დრო, როცა ვიღაც რეალურად ხელს ახლებდა ამ საქმეს — კითხულობდა, წერდა, ამოწმებდა, ათანხმებდა.

ეს ორი ციფრი გვერდიგვერდ დაწერეთ.

პროცესების უმეტესობაში მეორე ციფრი პირველის მცირე ნაწილია. იმდენად მცირე, რომ პირველი გაზომვისას ხალხს ხშირად არ სჯერა და თავიდან ითვლის. ჩემი გამოცდილებით, ეს ჩვეულებრივ 5–20%-ის ფარგლებში ხვდება.

დანარჩენი დრო, რაც ამ ორ ციფრს შორისაა — არის ლოდინი. დოკუმენტი ვიღაცის მაგიდაზე დევს ან მეილს ელოდება, რომელიც ჯერ არავის გაუხსნია. ან ელოდება ხელმოწერას, რომელიც სამშაბათს იქნება, რადგან ხელმომწერი ორშაბათს არ არის. ან უკვე მესამედაა შემობრუნებული, რადგან ორჯერ არასრულად შეავსეს.

აი, ეს ლოდინი არის ის, რასაც ლინი ეძებს. არა ხელფასები. არა საკანცელარიო ხარჯი. ლოდინი.

და როცა ლოდინს შეამცირებთ, ხარჯიც მცირდება, მაგრამ როგორც შედეგი, არა როგორც მიზანი. ეს განსხვავება მხოლოდ ფილოსოფიური არ არის. ის განსაზღვრავს, რას აკეთებთ ორშაბათს დილით.

რატომ ჩერდება საქმე და რატომ არავის ბრალი არ არის

ყველაზე ხშირად, როცა ეს ორი ციფრი პირველად ჩნდება მაგიდაზე, პირველი რეაქცია დაახლოებით ასეთია: „ესე იგი, ვიღაც არ მუშაობს“.

თითქმის არასდროს არის ასე.

საქმე პარტიებად გროვდება. ბუღალტერი ინვოისებს კვირაში ერთხელ ამუშავებს, რადგან ასე უფრო ეფექტიანია — მისთვის. სისტემისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს შემოსული ინვოისი ხუთშაბათამდე უბრალოდ დევს. ერთი ადამიანის ეფექტიანობა და მთელი პროცესის სისწრაფე ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და თითქმის ყოველთვის პირველი იმარჯვებს, რადგან სწორედ ის იზომება.

ხელმოწერა ერთ ადამიანზეა. ის ადამიანი კარგია, დატვირთულია და შვებულებაშიც მიდის. ხუთი დღე ლოდინი მისი ბრალი არაა — ეს იმ სტრუქტურის ბრალია, სადაც ალტერნატივა არ არსებობს.

ინფორმაცია არასრულად შემოდის. განაცხადი მოვიდა, მაგრამ ერთი ველი ცარიელია. ვიღაც წერს, ელოდება, კიდევ წერს. ეს დრო არსად აღირიცხება, რადგან ფორმალურად პროცესი „მიმდინარეობს“.

პრიორიტეტი ყოველ დღე იცვლება. ხუთი საქმე ერთდროულადაა დაწყებული, არცერთი — დასრულებული. თითოეულ გადართვაზე ადამიანს სჭირდება დრო, რომ გაიხსენოს, სად შეჩერდა. ეს დრო არავის აქვს ჩაწერილი, მაგრამ ის რეალურად იხარჯება.

ვერცერთ ამ ოთხში ვერავის დაადანაშაულებთ. ყველა თავის სამუშაოს კეთილსინდისიერად აკეთებს. პრობლემა ადამიანებს შორისაა, არა ადამიანებში — და სწორედ ამიტომ ვერ გვარდება ის მოტივაციური შეხვედრებით. ის გვარდება მაშინ, როცა მთელ პროცესს თავიდან ბოლომდე ხატავთ და თავიდან აწყობთ.

ვინ წყვეტს, რა არის ღირებული

ლინში არსებობს მარტივი, ოდნავ უხეში ტესტი. აიღეთ პროცესის ნებისმიერი ნაბიჯი და დაუსვით სამი კითხვა:

  1. ცვლის თუ არა ეს ნაბიჯი პროდუქტს ან მომსახურებას — ანუ, ხდება თუ არა რაღაც, რის შემდეგაც საქმე წინ წავიდა?

  2. გადაიხდიდა თუ არა მომხმარებელი ამ ნაბიჯში, თუ ცალკე დაანახებდით?

  3. კეთდება თუ არა ეს პირველივე ჯერზე სწორად?

თუ სამივეზე პასუხი „დიახ“ არის — ეს ღირებულების შემქმნელი ნაბიჯია. ყველა სხვა შემთხვევაში — არა.

აქ ერთი გულწრფელი დათქმაა, რომელსაც ხშირად გამოტოვებენ ხოლმე. არსებობს ნაბიჯები, რომლებიც მომხმარებელს არ სჭირდება, მაგრამ კანონი, რეგულატორი ან აუდიტი მოითხოვს. ეს ტექნიკურად დანაკარგია, მაგრამ აუცილებელი დანაკარგი. მისი წაშლა არ შეიძლება. შემცირება კი, ხშირად, შეიძლება. ერთი და იმავე დოკუმენტის სამ სისტემაში შეყვანა რეგულაციის მოთხოვნა არ არის, ეს ჩვენი შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც ვიღაცამ ერთხელ მიიღო და მას მერე მოყვება პროცესად.

რატომ არ არის ეს ხალხის შემცირება

ახლა დავუბრუნდები იმ მესამე წინადადებას.

ლინი მთლიანად დგას ერთ რამეზე: ადამიანები უნდა ამბობდნენ, სად არის პრობლემა. მთელი სისტემა ამაზეა აშენებული. ტოიოტაში ხაზზე მომუშავეს შეუძლია მთელი ხაზი გააჩეროს, თუ დეფექტს დაინახავს — და ეს არა მარტო ნებადართულია, ეს მოთხოვნაა.

ახლა წარმოიდგინეთ ეს იმ კომპანიაში, სადაც ყველამ იცის, რომ „ოპტიმიზაცია“ სამსახურიდან გაშვებას ნიშნავს.

რამდენ ხანში გეტყვით რომელიმე თანამშრომელი, რომ მისი სამუშაოს ნახევარი ზედმეტია? სწორად ხვდებით — არასდროს. სამაგიეროდ, გეტყვიან, რომ ყველაფერი აუცილებელია, ყველა ხელმოწერას თავისი მიზეზი აქვს და საერთოდ, ისედაც ვერ ასწრებენ.

ეს არ არის სიცრუე. ეს არის თვითდაცვა.

ამიტომ პროექტი, რომელიც კითხვით „რამდენს შევამცირებთ?“ იწყება, პასუხს ვერასდროს იღებს, რადგან ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება, სწორედ იმ ადამიანებთანაა, ვისაც ეს კითხვა აშინებს.

არ ვამბობ, რომ ლინის შემდეგ არავინ არასდროს არ თავისუფლდება. ვამბობ, რომ თუ პროექტი ამით იწყება, ის იქვე მთავრდება.

გათავისუფლებული დროის სხვა გამოსავალიც არსებობს, და ჩვეულებრივ უფრო მომგებიანიც: იმავე ხალხით მეტი საქმის გამკლავება ახალი თანამშრომლების აყვანის გარეშე, ზეგანაკვეთურის შემცირება, ან — ყველაზე ხშირად — იმ საქმის კეთება, რომელზეც აქამდე უბრალოდ ხელი არ მიუწვდებოდათ.

ლინი, Six Sigma, Agile

ეს სამი სახელი ერთმანეთში ხშირად ირევა და ზოგჯერ სინონიმებადაც ხმარობენ. სინამდვილეში სამივე სხვადასხვა კითხვას პასუხობს:

ლინი ეხება ნაკადს და დროს. მთავარი კითხვა: სად ჩერდება სამუშაო?

Six Sigma ეხება ცვალებადობას და დეფექტს. მთავარი კითხვა: რატომ არის შედეგი ერთხელ კარგი და მეორედ — არა?

Agile ეხება გაურკვევლობას და უკუკავშირის სიჩქარეს, ძირითადად პროდუქტის შემუშავებაში. მთავარი კითხვა: საერთოდ სწორ რამეს ვაკეთებთ?

ისინი კონკურენტები არ არიან. „Lean Six Sigma“ ორივე ინსტრუმენტთა ნაკრების გაერთიანებაა ერთ პროგრამაში და ეს გაერთიანება ლოგიკურია, მაგრამ ეს არ არის ერთი მეთოდი ერთი სახელით, როგორც ხშირად წარმოადგენენ ხოლმე.

პრაქტიკული წესი მარტივია: თუ პროცესი ნელია, დაიწყეთ ლინით. თუ პროცესი სწრაფია, მაგრამ შედეგი არასტაბილურია — გჭირდებათ Six Sigma-ს ინსტრუმენტები.

საიდან იწყება — ხუთი კითხვა, რომელზეც პასუხი დღესვე შეგიძლიათ

ინსტრუმენტით დაწყება ყველაზე გავრცელებული შეცდომაა და მისი ცდუნება მესმის — ინსტრუმენტი კონკრეტულია, კითხვა კი დისკომფორტს იწვევს. მაგრამ 5S, კანბანი და VSM მაშინ მუშაობს, როცა უკვე იცით, რომელ პრობლემას ხსნიან.

ამიტომ, სანამ რამეს დანერგავთ, ხუთი კითხვა:

  1. რომელი პროცესი სტკივა ყველაზე მეტად თქვენს კლიენტს? არა თქვენი გუნდი — კლიენტი.

  2. რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი დასაწყისიდან დასასრულამდე? არა „უნდა გრძელდებოდეს“ — რეალურად, ბოლო ათ შემთხვევაზე.

  3. ამ დროიდან რამდენია ნამდვილი მუშაობა?

  4. რამდენჯერ ხდება მიბრუნება? რამდენი განაცხადი ბრუნდება დასაზუსტებლად, რამდენი დოკუმენტი გადაკეთდება, რამდენი ზარი ხდება იმიტომ, რომ პირველ ჯერზე რაღაც არასრული იყო.

  5. ვინ იცის ამ პროცესზე ყველაზე მეტი — და როდის ჰკითხეთ მას ბოლოს?

მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე იშვიათად სვამენ. თითქმის ყოველთვის ეს ადამიანი ყველაზე დაბლა დგას იერარქიაში და ყველაზე ზუსტად იცის, სად იკარგება დრო. ის უკვე დიდი ხანია ელოდება, რომ ვინმე ჰკითხავს.

თუ მეხუთე კითხვაზე პასუხი „არასდროს“ ან „დიდი ხნის წინ“ არის, აქედან დაიწყეთ. ამისთვის არც კონსულტანტი გჭირდებათ, არც სისტემა, არც ბიუჯეტი. ერთი შეხვედრა და სურვილი, მოისმინოთ პასუხი, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოთ.

დანარჩენი მერეა.

თუ ეს ხუთი კითხვა დასვით და პასუხებმა დაგაფიქრათ, დაჯავშნეთ უფასო დიაგნოსტიკური ზარი. ერთსაათიან საუბარში ჩვეულებრივ ჩანს, გჭირდებათ თუ არა საერთოდ გარე დახმარება — და ხშირად პასუხი „არა“-ა.

კონტაქტი

info@effilab.io

591125041

© 2026. All rights reserved.